English Georgian
 
10/09/2011 11:18

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ჰესების მშენებლობა მსოფლიო ბაზარზე საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს".

ეს განცხადება სააკაშვილმა გუშინ "მტკვარიჰესის" მონახულებისას გააკეთა, სადაც სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია "Caucasus Energy and infrastructure" აწარმოებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

"ჯავახეთის რეგიონი საქართველოში ყველაზე მიტოვებული მხარე იყო, ახლა კი ყველაზე სწრაფად განვითარება დაიწყო. ვფიქრობ, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ნიშანი ჰესების მშენებლობა უნდა გახდეს. ამმხრივ მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში სამუშაო მუდმივად გვექნება. ამასთან, ტურბინების გამოშვებაც უნდა ვისწავლოთ და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ. ჰიდროენერგეტიკის თვალსაზრისით, 1980-იან წლებში მსოფლიო დონეზე ვიყავით. ენგური მთლიანად ქართველების აშენებულია, ხოლო რუსები მხოლოდ პოლიტიკური მიზნით ჩამოჰყავდათ. ახლა ტექნოლოგიურად ცოტა ჩამოვრჩით და ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენი ნოუ-ჰაუ კარგი მშენებლობაა. უკვე ყველაზე სწრაფი ტემპით მშენებლობას ვსწავლობთ, რითაც შესაძლოა, თურქებს გავუსწროთ და ჩინელებსაც დავეწიოთ. ჰესების მშენებლობაც ასე უნდა ვისწავლოთ, მიზნად დავისახოთ, რომ ქართველები ჰესებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად აშენებდნენ, რაც სრულებით  რეალურია. ამისთვის ხალხი აზიაში, აფრიკასა და ევროპაში უნდა გავგზავნოთ. ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილი, ეკონომიკურად გამოუცდელი ქვეყანა, სადაც უცხოელი უნდა ჩამოვიდეს და რაიმე აგიშენოს. ჯერ-ჯერობით მთავარი მენეჯერი შესაძლოა, უცხოეთიდან მოვიწვიოთ, მაგრამ ინჟინერი და ტექნიკოსი აუცილებლად ადგილობრივი უნდა იყოს. ჩვენ სათანადო გამოცდილებას ვიძენთ და ახლა უნიკალური მომენტია, რომ მისი ექსპორტიც მოვახდინოთ", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა სწორედ საინჟინრო სპეციალობები აირჩია".

მისივე თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროტექნიკის ლაბორატორია კეთდება.

გუშინვე პრეზიდენტმა "ფარავანჰესის" მშენებლობა მოინახულა.

 


 
NRGY (ლარი) 0.8500

 
Copyright © 2008. კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა
Web Development by Tea Kharitonashvili