24 საათი 10.09.11
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა.
პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე
ხეთაგურთან ერთად, ფარავანჰესის და მტკვარი ჰესის მშენებლობის
მიმდინარეობას გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტი და
მინისტრები ფარავანზე ვერტმფრენით ჩავიდნენ, მანამდე კი
მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურისგან 2011-12 წლების
განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოების, მიმდინარე და
მომავალი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფარავნის
ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2013 წლის ბოლოს
შევა.
მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთში მშენებლებს
გაესაუბრა. ამჟამად ჯამში დასაქმებულია 445 ადამიანი, მათი
70 პროცენტი კი ადგილობრივი მოსახლეა. ნიკა გილაურის თქმით,
სწორედ პირობებშია ჩაწერილი, რომ მუშახელის მინიმუმ 70,
მაქსიმუმ 80 პროცენტი ადგილობრივი უნდა იყოს. პრეზიდენტმა კი
განაცხადა, რომ ტექნიკოსებისა და ინჟინრების რიგებში მეტი
ადგილობრი უნდა იყოს.
ამჟამად ფარავანჰესზე სამუშაოს მთავარი მომენტი -
გვირაბის გაჭრა დაიწყო. მისი სიგრძე 14 კმ-ია. ამ ეტაპზე უკვე 1
კმ-ია გაჭრილი და მისი მშენებლობა 10 თვეში დასრულდება.
საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, რამდენი ჰესი
აშენდა და რამდენის მშენებლობა იგეგმება ახლო მომავალში.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლიდან კიდევ ორი ჰესის
მშენებლობა დაიწყება, 2015 წლამდე კი, ჯამში, ხუთი
ჰიდროელექტროსადგური აიგება, რაც, სპეციალისტების
შეფასებით, საქართველოს ადგილობრივი ბაზრისთვის მთავარ
მიმწოდებელად და მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან
ექსპორტიორად აქცევს. ამავე ჰესების მშენებელობაზე 1850
ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შემოსავალზე
გაცილებით მნიშვნელოვანია, საქართველო მსოფლიო ბაზარზე
გავიდეს და მშენებლობაში პროფესიონალი კადრები ჰყავდეს. ამის
პერსპექტივა ნამდვილად დიდია, - უპასუხა გილაურმა
პრეზიდენტს და განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, წელს ყველაზე
მაღალქულიანი აბიტურიენტები სწორედ მშენებლობისა და
ინჟინერიის ფაკულტეტებზენ ჩაირიცხნენ.
"არის შანსი, რომ ამ მშენებლობების შემდეგ დიდი საწარმოები
შემოვიდეს. ჯერ ხალხს ამის მშენებელობაზე დავასაქმებთ და
შემდეგ ამის საფუძველზე შექმნილ საწარმოებსა და სხვა ბიზნესში.
ენერგეტიკა და ჰესების მშენებლობა უნდა გახდეს ჩვენი ნიშა
მსოფლიო ბაზარზე. ჩვენთვის შემოსავალზე ბევრად
მნიშვნელოვანია, რომ დიდი საწარმოები შემოვიყვანოთ და
სამუშაო ადგილები შევქმნათ. ჩვენი ნოუ ჰაუ არის სწრაფი ტემპით
მშენებლობა, ჩვენ ყველაფერს სწრაფად და ხარისხიანად ვაშენებთ.
მოდით, მიზნად დავისახოთ, რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე
სწრაფად და ხარისხიანად აშენებენ ჰესებს. ეს უნიკალური
გამოცდილებაა იმისა, რომ ექსპორტიორები გავხდეთ" -
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მტკვარ
ჰესზე წყლის გათანაბრების რეზერვუარი და 9 600-მეტრიანი
გვირაბის მშენებლობაც დაათვალიერა.
"20 წელი ჩავარდნა გვქონდა და ახლა უნდა ამოვქაჩოთ. შრომის
ბაზარზე უნდა გავიდეთ და ტურბინების მშენებლობაც უნდა
ვისწავლოთ. შენება ვიცით, ადრე პოლიტიკური ნიშნებით
ჩამოჰყავდათ რუსები, მაგრამ ქართველები აშენებდნენ. ჩვენ არა
ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა, სადაც უცხოელმა უნდა აგვიშენოს," -
შენიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბოლო
წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა სამცხე-ჯავახეთის
ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური მდგომარეობა.
"ადრე ნანახი მაქვს აქაურობა - არა გაზი, არა დენი, არა გზა,
არა პერსპექტივა. ახლა რკინიგზაც კი შემოდის და ხალხიც
საქმდება. მალე ჩვენი მუშახელი აღარც გვეყოფა," - განაცხადა
მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის - კომპანია "ჯორჯიან ურბან ენერჯიმ" მდინარე
ფარავანზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2009 წელს
დაიწყო. განსახორციელებელი ინვესტიცია 125 მილიონ აშშ დოლარს
შეადგენს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 78 მეგავატია, ხოლო
წლიური გამომუშავება - 425 მილიონ კილოვატსაათი.
"ჯორჯიან ურბან ენერჯიმ" დაგეგმილი ინვესტიციების ნაწილი
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისგან
(EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC)
მიიზიდა
|